სახის დაჭიმვა

                          


ფეისლიფტი - სახის დაჭიმვა


ფეისლიფტი გულისხმობს სახის და კისრის მიდამოში მოშვებული კანის და კუნთის დაჭიმვას, ზედმეტი კანის მოცილებას, ასაკობრივი ცვლილებების შესამცირებლად. რითიდექტომია  -  ეს არის პროცედურა , რომელიც ითვალისწინებს ცხვირ–ტუჩის ნაოჭის შემცირებას, ასევე კისრის და ნიკაპის ნორმალური კონტურების აღდგენას.

ასაკის მატებასთან ერთად, კანი კარგავს ელასტიურობას, დუნდება სახის კუნთები, ეშვება კისრის კანი, ჩნდება ღაბაბი, სახე თანდათან ქვევით ეშვება,  რაც მკვეთრად აუარესებს სახის პროფილს; დაწეული წარბები, კი ცვლის თვალების გამომეტყველებას. აღნიშნული ცვლილებები ვითარდება 40 წლის ასაკისთვის. ამ ასაკამდე ოპერაციულ ჩარევას ცვლის სხვადასხვა კოსმეტოლოგიური პროცედურები.

ფეისლიფტის მეშვეობით გვარდება  ასაკით გამოწვეული პრობლემები: სწორდება  ნაოჭები, იჭიმება  კანი ყელის მიდამოში, იწევა სახე, ოპერაციის შემდეგ ეფექტი საგრძნობია, პაციენტი ახალგაზრდავდება 10 წლით და ეს ანიჭებს ბედნიერების შეგრძნებას.

ფეისლიფტს ხშირად სამ ზონად ყოფენ: ზედა მესამედი - შუბლი და წარბები, შუა მესამედი -  ლოყები, ცხვირტუჩის ნაოჭი, პირის ირგვლივი არე, და ქვედა მესამედი - ქვედა ყბის ხაზი, ყელი და ქვედა ყბის ქვეშა არე. შესაძლებელია ჩატარდეს როგორც ცალკეული ზონებზე ოპერაციები, ასევე სახის მთლიანი ცირკულარული დაჭიმვა. ხშირად სახის დაჭიმვაასთან ერთად კეთდება ბლეფაროპლასტიკაც, სასურველი შედეგის მისაღებად.


განსაკუთრებული მითითებები: 

ოპერაცია კეთდება უხშრესად 40–50 წლის ქალებსა და მამაკაცებში. თუ პაციენტი არის მწეველი , ოპერაციამდე 2 კვირის მანძილზე და ასევე ოპერაციის შემდეგ თავი უნდა შეიკავოს მოწევისგან. ასევე თუ ღებულობს რაიმე მედიკამენტს უნდა ეცნობოს ექიმს.

                                                        


წინასაოპერაციო პერიოდი:

ოპერაციამდე პაციენტს უტარდება გამოკვლევები, ქირურგის მიერ ფასდება პაციენტის  ჯანმრთელობის მდგომარეობა,რათა დაგეგმოს ოპერაციის მოცულობა.  ღებულობს თუ არა მედიკამენტებს, ნარკოტიკებს , არის თუ არა მწევწლი და ეძლევა შესაბამისი რეკომენდაციები. 


გაუტკივარების მეთოდი და ოპერაციის ხანგრძლივობა:

ოპერაცია ტარდება ზოგადი ანესთეზიით, სახის ცალკეული ზონის დაჭიმვისას შესაძლებელია გამოყენებული იქნას ადგილობრივი ანესთეზია მედიკამენტოზურ სედაციასთან ერთად.

განაკვეთი იწყება თავის თმიან ნაწილში, გადადის ყურის ნიჟარის უკან და მთავრდება ასევე თავის თმიანი ნაწილის მიდამოში. განაკვეთის ზუსტი განლაგება და ოპერაციის თანმიმდევრობა ინდივიდუალურია. ოპერაციის დროს ხდება კანის და კანქვეშა კუნთოვანი აპონევროზული შრის მობილიზება. ეს უკანასკნელი განსაკუთრებულით მნიშვნელოვანია, რადგანაც მხოლოდ კანის დაჭიმვით სასურველი შედეგი არასტაბილურია. კანქვეშა შრის დაჭიმვა უქმნის კანს მტკიცე კარკასს და განაპირობებს მიღწეული შედეგის სტაბილურობას.

ნიკაპის ქვეშ ღრმა ნაკეცის არსებობისას, შესაძლებელია გაკეთდეს დამატებითი განაკვეთი, რომელიც ზრდის დაჭიმვის ეფექტურობას, აშორებს ე.წ. ორმაგ ღაბაბს. შესაძლებელია, ასევე ყელის მიდამოში ჩატარდეს ლიპოსაქცია. 

ოპერაციის ხანგრძლივობა დამოკიდებულია ოპერაციის მოცულობაზე და დაახლოებით 2–6 საათი გრძელდება. ოპერაციის შემდეგ, ყურის ნიჟარის უკან შესაძლოა ჩაიდგას თხელი დრენაჟი, სისხლის დრენირების მიზნით. დრენაჟის ამოღება ხდება 1–2 დღეში.


ოპერაციის შემდგომი პერიოდი:

პაციენტი კლინიკიდან ეწერება 1–2 დღეში. ნაკერების მოხსნა ხდება ოპერაციიდან 10–14 დღეში. ოპერაციის შემდეგ აღინიშნება სახის შეშუპება, სისხლჩაქცევები, ნაოპერაციევ არეში კანის მგრძნობელობის მოშლა. აღნიშნული მოვლენები თავისთავად მცირდება და 2–3 კვირაში ალაგდება. პაციენტი ცხოვრების ჩვეულ რიტმს უბრუნდება 2 კვირაში. ოპერაციის შედეგი ნარჩუნდება 5–10 წელი.


გვერდითი მოვლენები:

ოპერაციის შემდგომ პერიოდში ძალზედ იშვიათად შესაძლებელია სახის ნერვის დროებითი დაზიანება, ასევე ჰემატომის განვითარება, ჭრილობის ინფიცირება ან კანის ნაწილობრივი ნეკროზი.